ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა - მეუფე იაკობი გამყრელიძესა და იმნაძეზე

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს უსაფუძვლო პანიკის დათესვაში ადანაშაულებს.

„როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. 400 კაცი არ იყო ინფიცირებული, როდესაც მასეთი საუბარი დაიწყეს და ასე რატომ ლაპარაკობენ? მათი რომ დავიჯეროთ, ცოტა ზომიერად უნდა ილაპარაკონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ინფექციონისტები გააფრთხილა, რომ მძიმე ეპიდემოლოგიური სიტუაციის ეკლესიაზე გადაბრალება „არ გაუვათ“.

„პირდაპირ ვამბობ და მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა. ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი მოდის ჩვენთან, რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე მოვიდნენ და მერე დაგველაპარაკონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა

მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქვეყნის მთავარ ინფექციონისტებს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

„ჭკუა აქვს იმ კაცს, რომელიც ახლა იძახის, რომ აღდგომას არ მიხვიდეთო. ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. – „აბა ქუჩაში რომელიმე წინ დამხვდება? კი არ ვიმუქრები, მაგრამ რომელიმე გაბედავს და დამხვდება წინ? გაიპარებიან“.


ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის რელიგიური რიტუალების დროს, ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ სურათს და ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.