ეკლესიის მიმართ ასეთი გაშმაგებაც არ მესმის, პასუხისმგებლობა „პრაიდის“ ორგანიზატორებსაც აქვთ - ელისაშვილი

პუბლიკა

„ეკლესიის მიმართ ასეთი გაშმაგებაც (და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა) არ მესმის, რა…“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. ის ამით 5-6 ივლისის მოვლენების დროს სასულიერო პირების კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „მასაც არ მოსწონს ბევრი რამ ეკლესიაში“ – მაგალითად ფუფუნება და სასულიერო პირებისგან ძალადობისკენ მოწოდება.

„მაგრამ, როდესაც მე რამდენიმე დღით ადრე გამოვედი და [ვთქვი, რომ] „პრაიდის“ ორგანიზატორებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, სხვებზე ხელის შეწმენდა ასე არ გამოდის. და მე ეს საჯაროდ ვთქვი, ამის გამო, ჯვარს მაცვეს, უკუღმა ჩამომკიდეს ლამის ფეხებზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერი ამბობს, რომ კონტრაქციაზე ამდენი ადამიანის გამოსვლა „პრაიდის“ გადაწყვეტილებამ გამოიყვანა, რომ „რუსთაველზე აღლუმი უნდა მოეწყოს“.

„ქუჩაში რამ გამოიყვანა ხალხი? გამოიყვანა იმან, რომ „აი, ჩვენ რუსთაველზე აღლუმი უნდა მოვაწყოთ“. აი დავაკვირდეთ – „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში რაღაც სხვადასხვა ღონისძიებები ხომ ჰქონდათ „პრაიდის“ ორგანიზატორებს? იქაც იყო ძალადობის მცდელობა, შევარდნის… მაგრამ არც ისე მასშტაბური რაოდენობის ხალხი გამოვიდა და პოლიციამ ამის აღკვეთა შეძლო.

„პრაიდის “ორგანიზატორი რომ ხარ (მე ეს ვთქვი და მოვუწოდე, რომ) თუ თქვენი მიზანი არის ამ რაღაცა აღლუმით და მარშით ის, რომ თანაგრძნობა გამოიწვიო საზოგადოებაში.. და მე მიმაჩნია, რომ განსხვავებულობის გამო არავინ არავის არ უნდა ერჩოდეს, არც სექსუალური ორიენტაციის გამო არც ვარცხნილობის გამო და არც არაფრის გამო. ამიტომ ვუთხარი, ერთმანეთს უფრო მეტი პატივი ვცეთ და ეს გამოიწვევს აგრესიის ტალღის და სიძულვილის ტალღის აგორებას“, – ამბობს ელისაშვილი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა თქვან თუ არა LGBTQI+ თემმა უარი საკუთარი უფლებების განხორციელებაზე [გამოხატვაზე], ელისაშვილი პასუხობს, რომ „სხვანაირად განახორციელონ!“.

„ნებისმიერი ქმედება ან უფლებებისთვის ბრძოლა ხომ უნდა იყოს გონივრულობის ფარგლებში და შედეგზე გათვლილი. გინდა თუ არა აღლუმი თუ მარში რუსთაველზე უნდა ჩავატარო, მიზანი რა გაქვს? მიზანი გაქვს რომ თანაგრძნობა გქონდეს? პირიქით არ ხდება? საშინელი სიძულვილის ტალღა არ გორდება და თუ გინდა, რომ განსხვავებულობის გამო არ გერჩოდნენ და მეც მინდა რომ არავის ერჩოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.