სინოდის ერთ-ერთმა წევრმა მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დადგენილება გააცნო. მისი თქმით, ზიარების წესში ცვლილებები არ იქნება, დასაშვები იქნება ზიარების შემდეგ მცირე რაოდენობის დასაყოლებელი სასმელის მიღება სხვადასხვა ჭურჭლით.
„ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით განსაცდელს, ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები აძლიერებდნენ ლოცვას და მარხვას. გაჩნდა კითხვები – ამ დროს რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ზიარება?
ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა. ევქარისტია ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია და ის გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან. ეკლესიის წევრებისთვის ზიარების არსში დაეჭვება და საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადატანის წყაროზე, ყოვლად მიუღებელია”, – ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
7-მდე რეკომენდაცია მიიღო საპატრიარქომ. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეკლესიების გარეთ გახმოვანების საშუალებების დამონტაჟებას ეხება, რათა მრევლის წევრებმა ღია სივრცეში შეძლონ წირვაზე დასწრება.
„ზიარების შემდეგ მცირე რაოდენობის დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:
1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება (სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები).
5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი – ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.
წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთ მხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდან“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.