საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ურთიერთობებზე.
„გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში.
აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა.
ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას.
ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა.
ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ.
ასე, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის “, – განაცხადა პრემიერმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
„უამრავი ერთობლივი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა ალიევმა. [სინქრონული თარგმანი]