ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

დღეს, 30 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკო მხარეების მტკიცებულებებს გაეცნო და დასაშვებად ცნო. ამასთანავე, მან იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზეც. მოსამართლემ რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა.

„რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის მიხედვით, პროცესზე განცხადება გააკეთა რომეო მიქაუტაძემ. ბრალდებულმა გამორიცხა მისი მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

„მეუღლემ გამომიგზავნა ნიცშეს წიგნი და იქ არის… – თითოეულ მეგობარზე, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ იმ წიგნში წერია: „მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო”. იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი…. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ“, – თქვა მიქაუტაძემ „რადიო თავისუფლების“ ცნობით.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს არ აღიარებს. ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ედება.

მისი ბრალდება 9 სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავს.

პროკურორმა ირაკლი მარშანიამ მედიას განუმარტა, რომ მიქაუტაძეს აქამდე ბრალი წარდგენილი ჰქონდა 3 მილიონის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაზე, ახლა კი მას გამოძიება, დაახლოებით, 8 მილიონის ლეგალიზებას ედავება.

პროკურორისვე თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ეხება არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მის სხვა პოზიციებსაც, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობის და „თბილსერვის ჯგუფის“ უფროსობის პერიოდებსაც.

„ბრალდების მხარემ ის მოცემულობა, რაც გვქონდა, დაყო 9 სხვადასხვა ეპიზოდად და მისცა სხვაგვარი კვალიფიკაცია. თორემ არაფერი ისეთი საქმეში არ დამატებულა, რაც შეიძლება ახალ ეპიზოდად ჩაითვალოს, რაც არ იყო მანამდე. თანხის გაზრდას რაც შეეხება, ბრალდების მხარემ ჩაატარა რევიზია. მათ არ გაითვალისწინეს რომეო მიქაუტაძის ოჯახის არანაირი შემოსავალი. უბრალოდ შეაფასეს მისი ოჯახისა და მისი ნათესავების ქონება, მათ შორის, ისეთი ქონება, რომელიც მას მისი ბაბუისგან დარჩა მემკვიდრეობით, არის მამამისის სახელზე, დედის სახელზე, შეაფასეს ეს ქონება და მიიჩინეს, რომ ყველაფერი ეს არის დაუსაბუთებელი“, – თქვა მიქაუტაძის ადვოკატმა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.