ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი სანქცირებული არაა

პუბლიკა
content image

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმზე არც საერთაშორისო და არც აშშ-ს სანქციების არ ვრცელდება.

კონსორციუმი ნიშნავს „რამდენიმე მსხვილი ბანკის ან კომპანიის დროებითი გაერთიანებას გარკვეული ფინანსური ოპერაციის ჩატარების მიზნით”.

კონსორციუმში, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა ააშენოს, 2 კომპანია შედის: ჩინური China Communications Construction Company Limited და სინგაპურული China Harbor Investment LTD.

აშშ-ის მიერ სანქცირებულია კონსორციუმის ერთ-ერთ წევრი კომპანია China Communications Construction Company Limited და არა მთლიანად კონსორციუმი.

ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ კომპანიის სანქცირებულობის შესახებ, რომელნაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, „სრულად პოლიტიზირებული კამპანიაა და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას”.

China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.

ეკონომიკის სამინისტროს დღევანდელი, 30 მაისის განცხადების თანახმად, 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ “Entity List”ში.

უწყების განცხადებით, ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვეარის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ Entity List-ში მითითებულ კომპანიებთან.

ეს სანქცირებას ნიშნავს. სწორედ სიტყვა სანქცირებას იყენებდა აშშ – 2020 წლის 26 აგვისტოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში წერია:

„CCCC-ის 5 შვილობილი კომპანია არის იმ 2 ათეულ კომპანიას შორის, რომელთაც ჩინეთის სახელმწიფო ფლობს და რომელთაც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 26 აგვისტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფორპოსტების აშენებისთვის, რომლებიც არღვევენ სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს. ვაჭრობის დეპარტამენტმა CCCC-ის შვილობილი კომპანიები შეიყვანა „Entity List” – ში – ეკონომიკური ერთეულების სიაში, რომელიც ხელს უშლის ამერიკულ კომპანიებს, მათ მიჰყიდონ ამერიკული წარმოების პროდუქცია აშშ-ის მთავრობის ნებართვით”.

გარდა ამისა:

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება [დოკუმენტი, რომელსაც აქვს კანონის ძალა], რომლითაც ამერიკულ კომპანიებს და ინდივიდუალურ ინვესტორებს აუკრძალა იმ კომპანიების აქციების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტირება, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ იდენტიფიცირდებიან, როგორც “კომუნისტური ჩინური სამხედრო კომპანიები”, ანურომლებსაც კავშირი აქვთ „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან”.

2021 წლის 3 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასვეე გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აფართოებს ტრამპის 2020 წლის ნოემბრის ბრძანების ჩარჩოს და ამერიკულ კომპანიებს და იდივიდებს უკრძალავას ინვესტირებას იმ ჩინურ კომპანიებში, რომლებსაც, როგორც აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, კავშირი აქვთ ჩინეთის არმიასთან და/ან სათვალთვალთვალო ტექნოლოგიებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიებს, არღვევენ ადამიანის უფლებებს და წარმოადგენენ დიდ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ამ ბრძანებით საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული და აიკრძალა მასში ინვესტირება, სწორედ CCCC-ია — China Communications Construction Company Limited. ამავე სიაშია მისი შვილობილი CHINA COMMUNICATIONS CONSTRUCTION GROUP (LIMITED).

CCCC Limited-ს და CCCC Group Limited-ს ვპოულობთ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის  მიერ 2021 წლის 3 ივნისს გამოცემულ სიაში, რომელშიც ის ჩინური კომპანიებია შეყვანილი, რომლებიც საფრთხის შემცველად არის მიჩნეული და კომპანიებსა და ინდივიდებს მათში ინვესტირებას უკრძალავს.

CCCC აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის საიტზე სანქცირებულთა სიაში.

2024 წლის 31 იანვარს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც 2021 ფისკალური წლის მონაცემებით დაკავშირებულები არიან „ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიასთან”. China Communications Construction Company აქაც იძებნება.