ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია „ენკა“ აცხადებს, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო წყვეტს ხელშეკრულებას.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ნამდვილად მიიღო სამინისტრომ კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ.
გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას სრულად:
„კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა.
მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.
საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი, “- ნათქვამია განცხადებაში.
სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.
ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.