ეკონომიკის სამინისტრო: აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად უსასყიდლოდ განხორციელდება

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ნავთობის ტვირთის ტრანზიტისთვის ერთ ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი შესთავაზა, რაც ტონაზე კილომეტრზე 0.82 დოლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

„მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერად ტრანზიტზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს.

საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“. – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

Minval Politika-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პრობლემებია საქართველო-აზერბაჯანის საზღვართან, სადაც  „ზოგიერთი სატვირთო მანქანა თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა საბაჟოზე გასვლას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას არც პოლიტიკური ნება და არც მართვის უნარი არ გამოუვლენია პრობლემის მოსაგვარებლად“.

სტატია, რომელსაც პროსამთავრობო მედია Minval Politika აქვეყნებს, ასეა დასათაურებული: „თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის“. 

სტატიის მიხედვით, 28 ნოემბერს გაბალაში გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივი კომისიების მე-12 შეხვედრა, რომელსაც ვიცე-პრემიერები შაჰინ მუსტაფაევი და მჰერ გრიგორიანი უძღვებოდნენ. ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს.

როგორც Minval Politika-ს წყაროებმა უთხრეს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტის პერსპექტივა – პროექტი, რომელსაც შეეძლო ბაქოსა და ერევნისთვის ეკონომიკური დივიდენდების მოტანა და რეგიონში მშვიდობიანი განვითარების სივრცის გაძლიერება.

„თუმცა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობა საქართველოს გავლით ტრანზიტს ერთადერთ გზად აქცევს. სწორედ ამიტომ მოითხოვა აზერბაიჯანმა თბილისს გარდაბანი-სადახლოს მონაკვეთზე ტარიფების შესახებ ინფორმაცია. 

პასუხად ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს 111-კილომეტრიან მონაკვეთზე ნავთობის ტვირთის ტრანზიტისთვის ერთ ტონაზე 92 დოლარის ოდენობის ტარიფი შესთავაზა, რაც ტონაზე კილომეტრზე 0.82 დოლარს შეადგენს“. – წერს გამოცემა.

Minval Politika ამ ტარიფს ადრებს სხვა ტარიფს: მსგავსი ტვირთის გადაზიდვა აზერბაიჯანში 680 კმ მანძილზე – იალამას სადგურიდან ბოიუკ-კიასიკის სადგურამდე – 17 აშშ დოლარის ოდენობით ხდება, რაც ტონაზე კილომეტრზე 0.02 აშშ დოლარია.

„ეს საქართველოს შემოთავაზებულ ტარიფზე 40-ჯერ ნაკლებია. 40-ჯერ მეტი სხვაობა განზრახვის მაჩვენებელია და არა საბაზრო პირობების.

უფრო მეტიც, თავად საქართველოს ფარგლებში ასეთი ტვირთი 17 დოლარად 360–396 კილომეტრის მანძილზე, რაც 0,04–0,05 დოლარს შეადგენს კილომეტრზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ტრანზიტი თბილისისთვის ხელსაყრელია, ტარიფი ოციჯერ დაბალია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის შემოთავაზებული ტარიფი“. – წერს Minval Politika.