ეკონომიკის სამინისტრო „ფრონტერასთან" კომპრომისზე საუბრობს

პუბლიკა

მზად ვართ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარანტიების მიღებით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა. ის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედრისა და ამ საკითხების განხილვისკენ მოუწოდებს .

„ორი თვის წინათ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში, საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი მიღების შემდეგ დარჩა გარკვეული კითხვები როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

აღნიშნულ კომენტარს ეკომონიკის სამინისტრო ავრცელებს.

29 აპრილს კი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ კომპანია „ფრონტერასთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.