ველოდებით ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელოდება და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებიც იგეგმება.

„ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებსაც ვგეგმავთ. ასევე, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში ან ერთ კვირაში, ეს უნდა იყოს გააზრებული გეგმა ამ გამკაცრებული ღონისძიებებიდან გამოსვლის, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი – მოქალაქის ჯანმრთელობის, COVID-19-ის გავრცელების შეჩერების, ასევე ეკონომიკური პოტენციალისა და სამუშაო ადგილების ამუშავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გეგმის შემუშავებაში სანდო ანალიტიკური ჯგუფებია ჩართული, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და ფონდები, „რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს, ახლა ჩვენ ამ გეგმების დეტალებზე ვმუშაობთ“.

„მიდგომა ძალიან მარტივია – პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების. და არცერთ ფრონტზე, ცალკე აღებულზე, გამარჯვებას ფასი არ ექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.