ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე, წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება პრემიერ-მინისტრის დავალებას ეკონომიკური გეგმის წარდგენის შესახებ. თურნავას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ გეგმას შეიმუშავებს მთავრობა, თუმცა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი იქნება ტურიზმი, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ტურიზმის სექტორი ზარალდება. მინისტრის განცხადებით, გეგმა იქნება კომპლექსური და შეეხება არა მხოლოდ ტურიზმს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, როგორც ტურიზმისთვის ვიყავით აქამდე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ეპიდემიოლოგიურად ასეთივე უსაფრთხო ვიყოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, გამოწვევას ქვეყანა მყარი ეკონომიკით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, თურნავა ამბობს, რომ გამოსავალი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იქნება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ წელს საქართველოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა კორონავირუსმა მსოფლიო რეალობა შეცვალა.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ეკონომიკურ გუნდს აქვს მოსაზრებები, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ეკონომიკას და ამასთანავე, ითვალისწინებენ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვა, ასევე გვაქვს სექტორული ხედვა, – განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ მოვლენებზე გავლენას ასევე იქონიებს ის, თუ რა ხანგრძლივობისა და სიმძიმის იქნება ეს პანდემია.