ყოფილ ელბაქიძეზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

პუბლიკა

თბილისში, ყოფილი ელბაქიძის (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის) ქუჩაზე მრავალფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არქიტექტურული პროექტის ესკიზი მოიწონა და დადებითი რეკომენდაცია გასცა.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ,  ესკიზის წინასწარი შეთანხმებისას საბჭო განიხილავს ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე.

„მოქმედი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპს, რაც ესკიზის წინასწარი შეთანხმების დროს არ ხდება. კონკრეტულად, თუ როგორი არქიტექტურული პროექტები უნდა შეთანხმდეს, დამოკიდებული იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა“,  – განაცხადეს არქიტექტურის სამსახურში.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ასახული განაცხადის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 65 000 კვ.მ-ია და შედგება რამდენიმე ნაკვეთისგან, რომლებსაც სხვადასხვა მფლობელი ჰყავს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მფლობელები არიან:  შპს „ცენტრ პლაზა“, სააქციო საზოგადოება „თელასი“ და „სილქნეტი“.

როგორც განაცხადშია მითითებული, პროექტი დაამუშავა გერმანულმა არქიტექტურულმა კომპანია „გრაფტმა“.  „განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებისა და თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს   რეკომენდაციების შესაბამისად“.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება სასტუმრო, საოფისე და საცხოვრებელი ნაწილებისგან. შენობის სიმაღლე არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 65 მეტრამდეა. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები.

„ჯამში მოცულობითი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ტერიტორიის მომიჯნავედ მყოფი ისტორიული განაშენიანების, რელიეფის თავისებურებებისა და არსებული გამწვანების გათვალისწინებით მოცემულ პრინციპებს და, ამავდროულად, სრულად პასუხობს თანამედროვე ესთეტიკისა და ფუნქციური სპეციფიკის მოთხოვნებს“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მთავარი არქიტექტორი/სპეციალისტია გიორგი ჭყონია. პროექტზე მუშაობს ორგანიზაცია „მიდამო“.