„რადიკალური ოპოზიციის ენას, სამწუხაროდ, ძვალი არ აქვს, თუმცა ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ენისა და ტექსტისა, რომლითაც ელჩების განცხადება არის შედგენილი, მათ მიიღეს მკაფიო პასუხი.
„ჩვენ დავსვით კითხვა – შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი – მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, ელჩები მიგვითითებენ, იმაზე, რომ ბუნებრივია, შეთანმხება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას”, – აღნიშნულია დიპლომატების განცხადებაში.
მათ განცხადებაში მოუწოდეს მხარეებს, „რულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.