ელჩების მოწოდება კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობაზე ადასტურებს, რომ ისინი ივანიშვილს არ ენდობიან – გოცირიძე

პუბლიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაზე მოწოდება ადასტურებს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს.

„ტექსტში პირდაპირ წერია, რომ მხარეებს მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და გათავისუფლებული არ არის ყველა პოლიტიკური პატიმარი.

რაც შეეხება მოწოდებას, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციამ, ეს ადასტურებს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს. არსებობს რისკი. ამიტომ, ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება.

„საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, კვირას კი პლენარულ სხდომაზე გაიტანენ კენჭისყრაზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, მმართველი პარტიიდან ცვლილებებს 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მას ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ გარდა, სხვა დეპუტატები უჭერენ მხარეს და, შესაბამისად,  მისი თქმით, პირველ მოსმენაზე ცვლილებებზე 117-კაციანი მხარდაჭერა ექნება.

ენმ და „ევროპული საქართველო“ კი აცხადებს, რომ ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს 8 მარტის შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის გამო ამბობენ. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილია გიორგი რურუას გათავისუფლების პირობა და მისი შესრულების გარეშე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.