ელჩი: ბოლო კვირებში მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები აშშ-ის მაღალ თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართული მხარისგან მიიღეს უარი.

ამასთან, ელჩი ვრცელ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობის არჩევანმა დააშორა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

აქამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონზე უცხოელ დიპლომატებს დებატები შესთავაზა და თქვა:

„ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ”.