ელჩი: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, ის ვერ გახდება EU-ის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, ამასთან, არ დაიცავს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო საზოგადოებას საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას შეუზღუდავს, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

„ევროკავშირი დაფუძნებულია გარკვეულ ღირებულებებზე – ეს ღირებულებები უკომპრომისოა, ისინი ჩაწერილია შეთანხმებებში. ესენია თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ამ ნორმების ერთგული დარჩება.

მომეცით ნება, ღიად გითხრათ: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია არის აკრძალული, თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას საქმიანობის განსახორციელებლად უცხოეთში წასვლა სჭირდება, თუ ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ”, – განაცხადა ელჩმა.

დამატებით, ელჩს ჰკითხეს მმართველი პარტიის ბილბორდებზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ” რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის ინფრასტრუქტურული და კულტურული ცენტრები გამოიყენა – ელჩმა ამ ბილბორდებს „სამარცხვინო და აღმაშფოთებელი” უწოდა.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი უკრაინაში გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რატომ? იმიტომ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისა და მათი სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის, ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის.

ასე რომ, თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას”, – განაცხადა მან.

ელჩმა ისაუბრა მმართველი პარტიის ნარატივზე „გლობალური ომის პარტიასთან” დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთადერთი „გლობალური ომის პარტია” მოსკოვშია.

„ეს პროპაგანდა გრძელდება, მაგრამ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვდგავართ მაღალი მორალის საფუძვლებზე და არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გაიმეორებ იმას, რაც არ არის მართალი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისკენ. ევროკავშირი არის მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სადაც არის გლობალური ომის პარტია – ეს არის მოსკოვში.

რუსეთია ის, ვინც შეიჭრა საქართველოში 2008 წელს; შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს; რუსეთია ის, ვინც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში 2022 წელს; რუსეთია ის, ვინც იყენებს ჰიბრიდულ მექანიზმებს, რომ გამოიწვიოს ქაოსი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ წარმოვადგენთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კარი გავუხსენით საქართველოს.

გელოდებით თქვენ, მაგრამ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაც უკომპრომისოა. თუ თქვენ აირჩევთ, რომ გქონდეთ ერთპარტიული სახელმწიფო, თუ აირჩევთ, არ გყავდეთ პოლიტიკური ოპოზიცია, თუ აირჩევთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მოუწიოს ქვეყნის დატოვება, თუ აირჩევთ ეროვნულ და სხვა უმცირესობებზე ზეწოლას, საქართველო ვერასდროს შევა ევროკავშირში, ვერც დღეს, ვერც ხვალ, ვერ ზეგ”, – აღნიშნა ელჩმა.

გარდა ამისა, ელჩმა თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ იმსჯელეს, როგორ ეპასუხათ საქართველოს მთავრობისთვის ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების გამო – ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ წევრ სახელმწიფოებთან შიდა დისკუსიის შემდეგ შეაჩერეს მაღალი დონის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ წლის ივნისში, ანუ რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან, თუ როგორ მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ევროკავშირის მიმართ არამეგობრულად მივიჩნევთ; როგორ მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციულ თეორიებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან.

ამიტომაც არის, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი ვიზიტი ჩემი ხელმძღვანელების მხრიდან საქართველოში და არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნა ელჩმა.