ელჩი: თუ საქართველოს ერთპარტიულად აქცევთ, ქვეყანა EU-ის წევრი ვერც 2030 წელს გახდება

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ საუბრობს მმართველი პარტიის რიტორიკაზე დასავლეთის მიმართ და აღნიშნავს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს „ეჯიბრებიან”, ვინ უფრო მეტად მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს.

ის აღნიშნავს, რომ, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ვერც „დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს”.

„მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებს შორის, ვინ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და შეურაცხყოფას მიაყენებს ევროკავშირს. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. განსაკუთრებით, იმ ქვეყნისგან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება სურს. არჩევნები ზუსტად 1 კვირაშია – თქვენი არჩევანია, თქვენი გადაწყვეტილებაა. ეს ეხება თქვენს მომავალსა და თქვენი შვილების მომავალს. რასაც გადაწყვეტთ, ჩვენ, როგორც ევროკავშირში პატივს ვცემთ ამ არჩევანს – ეს არის დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის: ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა.

თუმცა ამავე დროს, გთხოვთ, პატივი ეცით, რომ ევროკავშირი აგებულია გარკვეულ ღირებულებებზე, მათ შორის ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ისინი უკომპრომისოა და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს აქციოთ ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია და გააძევოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თუ საქართველოს აქცევთ ადგილად, სადაც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია არ არის, და არ არის თითოეული ადამიანის უფლება დაცული, მე ღიად გეტყვით, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების განვითარებას და იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.

„ბევრჯერ ძალიან ნათლად ითქვა, რომ საქართველოში მიმდინარე განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, რომ რეაგირება მოვახდინოთ. ველოდებით არჩევნების დღეს, შევხედავთ, როგორც ჩატარდება არჩევნები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად, რისი შეფასებაც მოხდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი წარმოვადგინოთ  – ეს მუქარა არ არის, ეს რეალობაა”, – აცხადებს ის.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა არჩევნები არ ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად, ხოლო ევროკავშირმა სხვადასხვა ზომებს მიმართა, მათ შორის დააწესა სანქციები. ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ სანქციები მარტივი არ არის, რადგან ის ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას არ საჭიროებს უვიზო რეჟიმის გაუქმება.

„მარტივი არ არის სანქციები, რადგან ის ერთსულოვნებას მოითხოვს, მაგრამ მაგალითად უვიზო რეჟიმი არ მოითხოვს ერთსულოვნებას. ეს ჩვენი ვალდებულებაა – როგორც ევროკავშირისა და კომისიის – დავაკვირდეთ, ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია შეთანხმდა, კვლავ არსებობს თუ არა. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უმცირესობების უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრინციპები, რომელიც ამ შეთანხმებას ეფუძნება აღარ იმოქმედებს, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. არავის უნდა უბრალო ხალხის დასჯა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს რეაგირება მოვახდინოთ საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე“, – ამბობს ჰერჩინსკი.

გუშინ ევროპულმა საბჭომ სხდომის შემდეგ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის კურსზე და აღნიშნულია, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.