საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევა დიპლომატიური დემარშია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისთავში სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვას გულისხმობს.
„ელჩის გამოწვევა ნიშნავს შემდეგს: ჩვენ შორის ისეთი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რომ მე უნდა გადავხედო ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს. არა საკითხს რომელიმეს, არამედ ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ, იმ ჩართულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს. ასეთი რანგის მოვლენაა ელჩის გამოწვევა.
და რაზეა საუბარი, რომ დღეს ჩვენ ვაპირებთ ამას უკრაინასთან, როცა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის მიზანი იყო, ერთად ვეხსენებინეთ. სულ ვცდილობდით, რომ მივებათ უკრაინას პოლიტიკურად“, – თქვა მარგველაშვილმა „მთავარის“ ეთერში.
უკრაინიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება საქართველომ მას შემდეგ მიიღო, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
„სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“, – განაცხადა 8 მასს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.