საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხთან დაკავშირებით მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, 1 მარტს უკრაინამ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია და „თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში“.
მისივე თქმით, უკრაინაში მესამე კვირაა ომია და ომის დროს დიპლომატია შორდება კლასიკურს. ის ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ ელჩის რეზიდენციასთან მისვლის ფაქტს.
მისი თქმით „ჟურნალისტების ჯგუფი, უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცების სტილში ელოდნენ ელჩის გამოჩენას, როდესაც ის რეზიდენციაში ბრუნდებოდა“.
„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო 1 მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ, თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამედროვე პირობებში კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. უკრაინაში, როგორც იცით, სამი კვირაა ომია, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა.
ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურს და ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის ომის დროს ელჩის მოღვაწეობის თავისებურებებს. ასევე მინდა, ყურადღება მივაქციო შემდეგზე, მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა, როცა გადამღები ჯგუფი, უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცების სტილში ელოდნენ ელჩის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში.
ამ დროს ჟურნალისტმა სცადა კითხვების დასმა. ჩვენ პატივს ვცემთ მედიას და გახსნილი ვართ საუბრისთვის და მიმართეთ ჩვენი მედიასთან ურთიერთობის სამსახურს“, – განაცხადა ელჩის წარმომადგენელმა.
დღეს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ელჩი, სავარაუდოდ, საქართველოდან არც წასულა.