ელჩმა, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ უნდა მიაღწიოს სახლამდე? - სააკაშვილი

პუბლიკა

„შეიძლება დაგისვათ ერთი თამამი შეკითხვა? ელჩმა, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ უნდა მიაღწიოს სახლამდე?“, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

ამის შემდგომ კი სააკაშვილმა ამავე facebook-სტატუსში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ უნდა გაამყაროს საქართველოსთან ურთიერთობები ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში. სააკაშვილის განცხადებით, ამას თვითონაც ბოლომდე უჭერს მხარს – „ეს სახელმწიფოს ბრძნული პოზიციაა“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არცერთ ხელისუფალს არ მისცემს უფლებას, ოდნავ მაინც რომ გააფუჭოს უკრაინასთან ურთიერთობები, ან გადაკვრით მაინც ახსენოს ამის შესახებ.

„საერთოდ კი ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს ახლო და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნავს სააკაშვილი ფეისბუქ-პოსტში.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს, რეფორმების ეროვნულ საბჭოს მისცეს იმპულსი და დაეხმაროს ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – ასე ციტირებას უკეთებს ზელენსკის კომენტარს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.