ელდარ ლუკა კურტანიძეს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

მოჭიდავე ელდარ ლუკა კურტანიძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს.

როგორც მისი ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი მედიას ეუბნება, გამოძიება კურტანიძეს ბრალდება საკუთრების დარღვევასაც ედავება.

„პროკურატურა ედავება ოთხი მუხლით. ეს არის ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. 160-ე ახალი მუხლია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა აღნიშნულ საქმეს“, – თქვა ადვოკატმა.

დღეს, 15 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ელდარ ლუკა კურტანიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

როგორც გამოცემა „ბათუმელები“ წერს, კურტანიძემ დღევანდელ პროცესზე ყოფილ ცოლზე ძალადობა დაადასტურა და ბრალდების ამ ნაწილში თავი დამნაშავედ მიიჩნია.

გამოცემის ცნობით, ადვოკატმა  ორი მტკიცებულების გარდა, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ და დასაშვებად მიჩნევა მოითხოვა.

მოჭიდავე და ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს.

თავადპირველად პროკურატურამ მას ბრალდება ყოფილ ცოლზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და დამცავი ორდერის დარღვევის მუხლებით წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ლუკა კურტანიძემ ორჯერ დაარღვია ორდერის პირობები, 25 ივლისს კი ქობულეთში ყოფილ ცოლს, ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანა დაუზიანა. მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრებიც.