„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლეს.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისთვის არაფერი განუმარტავთ, არც ადვოკატთან დაარეკინეს, ისე გამოუშვეს იზოლატორიდან.
დღეს ხოშტარიას ადვოკატმა თეო ზაქარაშვილმა თქვა, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს, თუმცა ხოშტარიას გათავისუფლების შემდეგ მან „პუბლიკას“ უთხრა, რომ სასამართლო არ შემდგარა.
„მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, ასე მარტო გამოვედი“, – უთხრა ხოშტარიამ ტვ პირველს.
ამავე ინტერვიუში ხოშტარიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა იზოლატორსა და განყოფილებაში მომხდარი.
„განყოფილებაში იყვნენ ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი. მითხრეს, უნდა გაგჩხრიკოთო, მე ვუთხარი, ჯიბეები შეგიძლიათ, ნახოთ, მაგრამ მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. ამის შემდეგ გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და რაღაც ვეიპი მქონდა და ამ ვეიპის ამოგლეჯისას კბილები, მერე სახეზე… იყო პირდაპირი ძალადობა, ცინიკური დამოკიდებულება. წარმომიდგენია, ადამიანებს, ვინც ვერ ყვებიან ამას, როგორ შეიძლება, ეპყრობოდინენ.
აქ შესახლებისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი მქონდა, არ გამიშვეს საპირფარეშოში. ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც ორი პოლიციელი მაკავებდა და მესამე მხდიდა. მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ. ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან.
მე არაფერი არ დამაკლდა, პასუხიც კარგად გავეცი და ეს იციან მათაც, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ თანამოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან, ამიტომ ვსაუბრობ სახელით და გვარებით და სხვებმაც უნდა გვითხრან“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, შეუძლია ყველა პოლიციელის სახეზე ამოცნობა, თუმცა სახელი მხოლოდ ამ პოლიციელების იცის.
შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბევრი წამალი აქვს გამოწერილი და ზუსტად არ იცის, რომელზე საუბრობს შსს.
„არ არის საინტერესო, რას იტყვიან, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება“, – განაცხადა ხოშტარიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ის ქართულ სასამართლოს არ ენდობა, თუმცა ამ პოლიციელების დასჯის პირობას დებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დაკავებული პირი არაუგვიანეს 24 საათისა უნდა წარედგინოს სასამართლოს, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 24 საათით. ამის შემდეგ კი პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
შსს-ს მუშაობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაკავებულებს ან მალევე ათავისუფლებენ ხელწერილის საფუძველზე, ან 48 საათით აკავებენ და შემდეგ ათავისუფლებენ. 28 მარტს აქციაზე დაკავებული 4 პირიდან 2 ხელწერილით იმავე საღამოს გაათავისუფლეს, ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი პირი კი იზოლატორში დატოვეს.