ელენე ხოშტარია ცდილობს თავი გადაირჩინოს - გია ვოლსკი

პუბლიკა

„ელენე ხოშტარია ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს” დატოვებას.

„ეს გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა, შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ  ელენე ხოშტარიამ დღეს „ევროპული საქართველო” დატოვა – „მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ გადავდივარ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.