ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს „ოცნების“ უსამართლო წესრიგს და არ ემორჩილება მას

პუბლიკა

ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ელენე ხოშტარია ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს „ქართული ოცნების” უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას“. ისინი მიიჩნევენ, რომ ხოშტარია „ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის“.

„დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა – გაუტეხ მებრძოლსა და ღირსების დამცველს.

ოთხი შვილის დედისთვის წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა.

ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს „ქართული ოცნების“ უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის.

მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს. პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას.

ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები – უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა – დამამცირებელი და არაჰუმანური.

ელენეს დაპატიმრებით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს.

ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას, ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ, ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლება ჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: თამუნა გამყრელიძე, თინა ბოკუჩავა, ნინო დოლიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, მარიამ კუკავა, ანა კობახიძე, ნანა ტოხვაძე, მარიკა არევაძე, ეკა მიშველაძე, სევდია უგრეხელიძე, ნინო გოგინაშვილი, ანა ჩიქოვანი, თამი ჟორჟოლიანი, ნანა მალაშხია, ნინო კვიტაიშვილი, ანი ქავთარაძე, სოფო ჯაფარიძე, რუსუდან თევზაძე, ხატია დეკანოიძე, თეონა აქუბარდია და თეონა ჭალიძე.


კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა  570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესებში არ მონაწილეობდა. მას იცავდა საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელსაც დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ისჯება ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ჯარიმით, სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.