ელენე ხოშტარია დააკავეს

პუბლიკა

„დროამ“ გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია დააკავეს. მათი ცნობით, სამოქალაქო ფორმაში ჩასმული პირები ხოშტარიას სახლთან დახვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15:11 საათზე გაავრცელა განცხადება და დაადასტურა, რომ ელენე ხოშტარია დააკავეს.

„გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ, 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“. კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.