ამ წუთებში პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტში, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მოსმენა მიმდინარეობს, რომლის დროსაც კომიტეტის დარბაზში ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. დეპუტატი ამბობს, რომ მისი მიზანი სხდომის ჩაშლა არ არის და დარბაზში მყოფებს პოლიტპატიმრების ფოტოები უნდა დაურიგოს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის პროცესს აპროტესტებენ.
ირაკლი შოთაძემ პროკურორის თანამდებობა 2018 წელს ხორავას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. შოთაძის შემდეგ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია პარლამენტმა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესების შემდეგ კი პროკურორის თანამდებობა ისევ ვაკანტური გახდა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.