მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.
ელენე ხოშტარია არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად იბრძოლებს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. თბილისის ვიცე-მერის კანდიდატურა კი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ იქნება.
კანდიდატების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა, მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისს კოალიციური მთავრობა ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისის საარჩევნო ოლქებში თავის კანდიდატებს არ დააყენებს.
ელენე ხოშტარია მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის 2017 წელს თბილისის მერობისთვისაც იბრძოდა პარტია „ევროპული საქართველოდან“, რომელიც მან 2020 წლის დეკემბერში დატოვა. 2007-2012 წლებში ხოშტარია სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.