ელენე ხოშტარია სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

პუბლიკა

პარტია „დროას” სუს-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „დროას“ იურისტმა გიგა ლემონჯავამ და დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი განაცხადეს.

მათი თქმით, დაიწყებენ სამართლებრივ დავას სუსის წინააღმდეგ უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის გამო. ასევე მოუწოდეს ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციასა და იურისტს ერთიანი ბრძოლისკენ, რათა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა.

„მინდა, გავაკეთო განცხადება ფარული ჩანაწერების შესახებ, ამ ტოტალური ბოროტების შესახებ, რომლის მასშტაბი მართლაც სცდება ყველანაირ წარმოდგენას. პირველი, ამ ფარულ ჩანაწერებში აღმოჩენილი, ჩემთან დაკავშირებული, ფაქტები, აბსოლუტურად ყველა, დასტურდება და შეესაბამება რეალობას. ანუ ეს არის რეალურად ჩემი ფარული ჩანაწერი, რომელთაგან ყველა უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან. ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა, ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და „ქართული ოცნების” რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას…

ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე. შევქმნათ მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს. მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. მე მოვისმინე განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიდის ფიქრი გასაჩივრებაზე. ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ პროტესტის კოორდინირებული აქტი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას”, – განაცხადა ხოშტარიამ.