ელენე ხოშტარიამ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

„პირველი პირობა, რომელსაც მე დღეს დავდებ არის ის, რომ ვიქნები ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი პარლამენტში, ვისაც ეს დასჭირდება და არა მხოლოდ მათი, ვინც მე ამირჩევს”, – „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, ოპოზიციის ერთი ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკეში, ელენე ხოშტარიამ ეთნოგრაფიულ მუზეუმში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

„არ არსებობს სახელმწიფო ადამიანის გარეშე, ხოლო ადამიანის ღირსება მუდმივად საფრთხეშია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე. როგორც თქვენი მხარდამჭერი პარლამენტში, მე მუდმივად ვიბრძოლებ ცალკეული ადამიანების, უმცირესობების, ჩაგრული ჯგუფების უფლებებისთვის და მთავარი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის არის ძლიერი სასასმართლო“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა მკაფიო არჩევანი და სურს არა ერთპიროვნული, არამედ მრავალფეროვანი და გადანაწილებული ძალაუფლება.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება იქნება და აღნიშნა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თემა, რომელზეც ის მუშაობას აპირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა. ელენე ხოშტარიას გეგმით, თბილისში ყველა ოლქს ეყოლება არჩეული გამგებელი და საბჭო, ადგილობრივი გადასახადები კი დარჩება ადგილზე, რაც რაიონებს ცენტრისგან დამოუკიდებლობის საშუალებას მისცემს.

ხოშტარიამ პრეზენტაციისას ასევე ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, დევნილების უფლებების დაცვასა და საოკუპაციო სოფლებში მცხოვრებ ადმიანებზე განსაკუთრებული ზრუნვის მნიშვნლობაზე.

„წლებია იძულებით გადაადგილებული პირები მოწყვეტილები არიან საკუთარ მიწას და სახლებს. საოკუპაციო ხაზთან ადამიანები მუდმივი შიშის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ისტორიულად და ცივილიზაციურად გვაქვს გაკეთებული არჩევანი, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ჩვენი პოლიტიკური თაობის ვალია ამ არჩევანის აღსრულება, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა მან.

ხოშტარიას სიტყვის წერილობით ვერსიას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს;