ელენე ხოშტარიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

პუბლიკა

დღეს ელენე ხოშტარიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა და მათთან ერთად საზოგადოებას ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული მძიმე კოვიდვითარებიდან გამოსავლის გზები გააცნო.

პარტია „ელენე ხოშტარია – დროას“ გუნდს შეუერთდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი და მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია.

„უმძიმეს კოვიდვითარებაში ვართ. ყოველდღე ვკარგავთ ათეულობით ადამიანს. ასეთ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ყოველი მოქალაქის და პროფესიონალის ჩართულობა. ზუსტად ასეთი პროფესიონალები შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში.

დღემდე პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა რგოლი ჯანდაცვის მენეჯმენტში უამრავ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომები გამოიწვია პანდემიის მართვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებამ. დროა, კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესი წარიმართოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“  საქართველოს  კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარტიამ „ელენე ხოშტარია – დროა“ წარმოადგინა რამდენიმე პუნქტი, რა უნდა გაკეთდეს, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსამუხტად:

  • შეწყდეს პანდემიის მართვის დროს პოლიტიზებული გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ არასწორი მართვის შედეგების მოქალაქეებსა თუ მედპერსონალზე გადაბრალება;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ განცხადებებითა თუ ქცევით ვაქცინაციისა და კოვიდრეგულაციის დაცვის მოწინააღმდეგეთა წახალისება;
  • დაიწყონ მუშაობა აცრის მობილურმა ჯგუფებმა იქ, სადაც არ არსებობს სამედიცინო პუნქტები, დაიწყოს ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკასა თუ პოლიკლინიკაში. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში სააფთიაქო ქსელების ჩართვაც;
  • აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი უნდა გაიზარდოს 40 000-მდე, რათა სექტემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ მიაღწიოს 1 200 000-ს, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას;
  • აუცილებლად უნდა შესრულდეს უკვე გაცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 სექტემბრამდე ყველა იმ სკოლას, რომლებშიც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, უნდა ჰყავდეს გადამზადებული ექიმი. ხოლო 2022 წლის სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც იქნება სასწავლო სივრცეში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი.
  • გამკაცრდეს კონტროლი რუსეთის საზღვარზე, რადგან რუსეთის მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ყალბი კოვიდპასპორტებით და ხდებიან ვირუსის გავრცელების წყაროები.