ადვოკატმა ირაკლი ბენიამ იზოლატორში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ნახვის შემდეგ თქვა, რომ პოლიტიკოსმა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ საზოგადოებრივ ადვოკატზე უარი თქვა.
ადვოკატი აპირებს სასამართლოში პროცესზე მისვლას. მისივე ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს პატიმრობის უზრუნველყოფით.
დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ხოშტარიას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ ადვოკატსა და პროცესზე გამოცხადებაზე უარი გუშინ, 16 სექტემბერს, თქვა.
„ქალბატონმა ელენემ უარი განაცხადა სახლმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატზე. შესაბამისად, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. საქმის მასალები გადმომეცა თუმცა სხვა კომუნიკაცია მასთან არ მქონია. […] პროცესი დანიშნულია 4-ის ნახევარზე და მე ვალდებული ვარ, პროცესზე გამოვცხადდე. […] საქმის მასალებს უნდა გავეცნო, როგორც გითხარით, ნახევარი საათის წინ გადმომეცა, ჩანთაში მაქვს საქმის მასალები. ნახევარ საათში, ბუნებრივია, საქმის მასალებს ვერ გაეცნობი სრულყოფილად. […] როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატიმრო უზრუნველყოფით შედის პროკურატურა, როგორც ჩემთვის ცნობილია, სხვა მეტი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს უნდა გავეცნო სრულად, თუ მოვასწარი კიდევ, რა თქმა უნდა, ნახევარი საათი მაქვს დრო“, – თქვა ირაკლი ბენიამ.
14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.
კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.