ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა, სადაც 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება წაიკითხა.

„ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას ვწყვეტ შიმშილობას და ვწყვეტ იმისთვის, რომ გადავიდეთ აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“, – თქვა ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ხოშტარიამ 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიები უარს ამბობენ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული”.


„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო. მას შეურთდა გედევან ფოფხაძეც. გარდა პოლიტიკოსებისა, შიმშილობა დაიწყეს აქტივისტებმა – ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.