საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრმა, ელენე ქებაძემ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააკრიტიკა.
ელენე ქებაძემ დაწერა, რომ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ დახვდა.
„აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს”, – დაწერა მან. კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-ზე მილოცვის ტექსტი იძებნება, ის წაშლილი არ არის.
სამბისტს ამავე პოსტში კულტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან უპასუხეს და მას სამინისტროდან მიღებული ხელფასი შეახსენეს.
„რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.
ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
3. 5 156 ლარი – მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ; მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა”, – წერს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.