ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის გამო მოხდა - „საქართველოს ელექტროსისტემა“

პუბლიკა

„საქართველოს ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ თბილისისა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერდნენ, რომ ელექტროენერგია დაახლოებით 11:30 საათიდან გაითიშა.

კომპანია „ინტერპრესნიუსს“ ეუბნება, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „საქართველოს ელექტროსისტემა“ ამბობს, რომ მათი მხრიდან, გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით მოძრაობა გაჩერებული იყო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე. ცოტა ხნის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა.