ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია - „ენერგო-პრო ჯორჯია“

პუბლიკა

„უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია“, – ამის შესახებ განცხადებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის თქმით,  ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოქმედი ტარიფი, მათივე მტკიცებით, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.

„უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამბობს, რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

,,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემური დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა და კომპანია, სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მარეგულირებელ კომისიას აკისრებს.

„ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.