ელექტროხაზის დაერთებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა, მისი დაერთება მოხდა თვითნებურად - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე წყნეთში 15 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

კახა კალაძემ მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.

პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა – მისი დაერთება მოხდა თვითნებურად.  ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან,  კალაძემ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ფონზე, დეზინფორმაციის გავრცელებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ  შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.  უბედური შემთხვევა 10 ივლისს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა და სკვერში თამაშობდა, როდესაც დენმა დაარტყა.  ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოც, თუმცა ბავშვი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო,  რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.