დღეს, 14 დეკემბერს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ“ და ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა. მათ საზოგადოებას წარუდგინეს 2021 წლის გაზაფხულზე სექტორის ეტაპობრივი ამუშავების უზრუნველსაყოფად საკლუბო სექტორის აღდგენის 4-საფეხურიანი გეგმა, რომელიც მოიცავს გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდის შექმნას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიაში შემავალი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორისთვის.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის აღდგენის გეგმა მოიცავს:
-
საქართველოს მასშტაბით არსებული 55-მდე ბიზნესს ერთეულის მეიჯარეებთან საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერას, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირებას.
-
იურიდიულმა პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას, კონსერვაციის რეჟიმში ზედა ზღვარის გათვალისწინებით.
-
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში დასაქმებული პირების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობას.
-
ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კულტურისა და რეკრეაციული სივრცეების უსაფრთხო ამუშავებისთვის მათი 10000-ზე მეტი სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფას.
პრესკონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად, 10 თვის განმავლობაში სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების და არტისტების მუშაობის შეზღუდვამ, არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უპრეცედენტო რისკის ქვეშ დააყენა და უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული.
„ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის მომავალი და გადარჩენის პროცესში საჭირო ხდება სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა, რადგან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია პირდაპირი დარტყმის ქვეშ მყოფ სფეროზე ზრუნვა და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ხელშეწყობა”, – აცხადებენ ისინი.