დღეს დილიდან ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები ბაზრობის გახსნას და მუშაობის აღდგენას მოითხოვენ. ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ღია ბაზრობის დაკეტვამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.
მოვაჭრეებმა შექმნილ მდგომარეობაზე „მთავარის“ ეთერში ისაუბრეს:
„არავის არაფერი დახმარება ჩვენთვის არ მოუცია, გახსნან ახლა… ჩვენ ვიმუშავებთ და დავიცავთ ყველა წესს. არავისგან არაფერი პასუხი არ მიგვიღია და ვართ ასე… ვალებში ამოვიხრჩვით, საჭმლის ფული აღარ გვაქვს, 85 წლის დედა მყავს სახლში მოხუცი, არ მიმიღია დახმარება, რითი შევინახო“.
„კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას. დილის 8 საათის მერე აქ ვდგავართ. მერიიდან ყველაფერი ჩანს, კაციშვილი არ მოსულა. არც იმას გვეუბნებიან, როდის გაისხნება. ელიავა არ არის დახურული სივრცე. ეს არის ღია სივრცე. ჩვენ მოვითხოვთ გაიხსნას. სულ დასქმება დასაქმებას იძახიან და აქ 20 ათასი კაცია დასქმებული. გაუშვან და აამუშაონ…“
ბაზრობის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ბაზრობა მალე გაიხსნება, თუმცა კონკრეტული თარიღს ჯერ ვერ ასახელებს, – „ყოველდღიურად გავდივართ კონსულტაციებს. ახლა საინიციატივი ჯგუფები გამოიყოფა ყველა უბნებიდან. უბნებად არის ბაზრობა დაყოფილი და საინიციატივო ჯგუფებთან ხვალიდან-ზეგიდან დაიწყება რეგულაციების შესწავლა, რომ კოორდინირებულა როცა გამოცხადდება ბაზრობის გახსნა, მოხდეს მოვაჭრეებისა და კლიენტების უსაფრთხოების ნორმების დაცვა“.