„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს და წერს, რომ მისი დაკავების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კლინიკა „ვივამედში” უთხრეს, რომ სხეულზე მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, თუმცა დღეს, 10 იანვარს გადაღებული ტომოგრაფიით დაადგინა, რომ ნეკნი ჰქონია მოტეხილი.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, კლინიკა „ვივამედი” ისე წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ადამიანების დიაგნოზებს, როგორც დაავალებენ“.
„როგორც ჩანს, „ვივამედი” ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.
ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.
წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.
12 წლის შემდეგ „ქართული ოცნების” ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ ვივამედში დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – წერს ელისაშვილი.
„პუბლიკა” დაუკავშირდება კლინიკა „ვივამედს” და პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ალექსანდრე ელისაშვილი თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
16 დეკემბერს ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონიძისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.