ელისაშვილი: გზებს რომ გადააგეგმარებთ, ხომ შეიძლება საშეღავათო ხანა - პირველ ჯერზე არ ჯარიმდებოდე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მიესალმება, თუმცა ჯარიმები გახშირდა, ამიტომ გზების გადაგეგმარების შემდეგ, გარკვეული საშეღავათო პერიოდი უნდა არსებულიყო.

„წესების მომხრეც ვარ, დისციპლინის მომხრეც ვარ, მაგრამ უსამართლობა ძალიან მაცოფებს და რაღაც რომ არაგონივრულად არის გაკეთებული და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი გაატყავოს.

მე ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს ამ სატრანსპორტო რეფორმას, გზებს რომ სხვაგვარად აგეგმარებენ ქალაქში, ბასლაინები რომ გაჩნდა, გზები რომ დავიწროვდა – ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ რას არ ვუჭერ მხარს: ჯერ ერთი, სადაც გადახაზეს, მიდიხარ ჩვეულებრივ ზოლზე და უცებ აღმოჩნდები, რომ ბასლაინზე ხარ, მერე ისევ ჩვეულებრივ ზოლზე ხარ, მერე ისევ ბასლაინზე ხარ და მოდის და მოდის ეს 50-ლარიანი ჯარიმები, ასე კოხტად დახაზვის გამო, მერე მეორეა, რომ გადახზეს, კი ბატონო, სადაც ორმხრივია ცალმხრივი გახადეს, სადაც ცალმხრივია, ორმხრივი გახადეს.

ამ გზებს რომ გადააგეგმარებთ, ხომ შეიძლება, საშეღავათო პერიოდი იყოს? პირველ ჯერზე არ ჯარიმდებოდე იმიტომ, რომ 46 წელია, რაც თავი მახსოვს და სამყაროს აღქმა გვაქვს, ორმხრივი იყო, შევედი თუ არა, იმ წამს მოვიდა ჯარიმა. ხომ შეიძლება ერთთვიანი რაღაც საშეღავათო ხანა იყოს, პირველი ჯარიმა არ მოდიოდეს და უბრალოდ, გაფრთხილება მოდიოდეს? ზუსტად ის განცდა მაქვს, რომ თბილისის მერიაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც დაგეშილები არიან, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ჩვენი ჯიბეებიდან”, – აღნიშნა ელისაშვილმა.