პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯო ბაიდენის მიერ, ე.წ. ლენდ-ლიზის აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. მე შესაბამისად მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან – საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? არ მომისმენია არცერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა, რომლებიც იტყოდნენ – მოგვეცით ჩვენც იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. არ გვჭირდება? ოკუპირებული არ ვართ?
არ გვჭირდება, რომ უფრო ღონიერი და მომზადებული ქვეყანა ვიყოთ? რატომ არ ისმის მსგავსი განცხადებები. რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის. პუტინისნაირი პარანოიკის გარდა, არ მგონია ვინმე იყოს, ვისაც ომი უნდა, მათ შორის მეც. მაგრამ ორჯერ-ორი ოთხია, რომ თუ გინდა, თავს არ დაგესხან და თუ გინდა, ომი აიცილო – თავიდან ომისთვის უნდა იყო მზად. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე.
გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავშესაფრები? რატომ არ ხდება ტერიტორიული თავდაცვის ფორმირება ძალიან ეფექტური ქვედანაყოფების, რომლებმაც თავი წარმოაჩინა უკრაინაში? რატომ ვართ ასეთი არხეინები, ეს ძალიან მიკვირს. ღვთის იმედად ვართ, რომ თავს არ დაგვესხმებიან, თუ მარია ზახაროვას რომ თავს მოვაწონებთ, დაცულები ვიქნებით?“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.