ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე: რადგან ჩემი დისშვილია, უნდა დაიჩაგროს?

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი ომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა.

ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს უხერხულობა ამის გამო, რადგან ნათია ჯულაყიძე კვალიფიციური კადრია და ის პარტიაშიც ბევრ საქმეს აკეთებდა.

„ნეპოტიზმი არის, როცა აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე ადამიანს, მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის ამის გამო წაიყვან და სადღაც თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია. რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრა იქ რომ წავიდა მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს რამე ევალებოდა და ებარა, იყო ნათია.

ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს არასოდეს არავინ არსად დამინიშნავს და რეკომენდაცია არ გამიწევია.

… დაუძახე ჩემს დისშვილს, სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ცოდნა აქვს, საზღავრგარეთ სად უსწავლია… ჩემი დისშვილი რადგან არის გასაქანი არ უნდა ჰქონდეს ამ ცხოვრებაში?! აბსოლუტურად დამოუკიდებელია ბავშვობიდან. მე რამდენიმე დღის წინ როცა მელაპარაკა ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია. მე არანაირ უხერხულობას ეს არ მიქმნის. მე ვუთხარი, რომ არ მინდა პარტიიდან რომ წახვიდე-თქო, “- თქვა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ მოადგილეები წარადგინა – ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ წევრი იყო, ხოლო ელენე ღუდუშაური ლევან იოსელიანთან მუშაობდა პარლამენტის აპარატში.