ელისაშვილი: „ტვ იმედმა" შეაჩერა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" რეკლამის გაშვება

პუბლიკა

ელისაშვილი: „ტვ იმედმა“ შეაჩერა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის გაშვება

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ტელეარხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერში გაშვება შეაჩერა

„მხოლოდ იმიტომ, რომ რეკლამა იწყება შემდეგი ფრაზით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი დაპირებები. ამ ერთი ფრაზის გამო დაგვიწესეს ცენზურა და შეაჩერეს კლიპი. მიზეზად მოაქვთ ის, როგორ დაამტკიცებთ, რომ არ შეასრულაო?“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ სასამართლომ „დააჯარიმა კიდეც იმ რეკლამის გამო, რომელიც, უბრალოდ, ხალხს ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებდა“.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიას. მათგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

2024 წლის სექტემბრის დასაწყისში კომუნიკაციების კომისიამ 5000 ლარით დააჯარიმა კრიტიკული ტელეკომპანიები „მთავარი”, „ტვ პირველი” და „ფორმულა“ მის გამო, რომ მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე –  სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე ჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი.

TI საქართველოს შეფასებით, „ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში”.