„მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათის განმავლობაში მიმართავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებს უწყება.
ალექსანდრე ელისაშვილი თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს.
მისმა ადვოკატმა განაცხადა: „დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“.
ბაბაევზე „თავდასხმის“ შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
მოგვიანებით, კომენტარი თავად ალი ბაბაევმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევა 2 დეკემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი მტკიცებით, ელისაშვილი ხელით შეეხო, რის შედეგადაც წაიქცა და გონება დაკარგა. ბაბაევის თქმით, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში შედიოდა, როდესაც მას ზურგიდან შეძახილები მოესმა – „ეს არის, ეს არაკაცი! ეს არის „ქართული ოცნების“ მონა! რუსის მონები!“.