ელისეის სასახლე განცხადებას ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა:
„დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლა, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალადობა.
მან მოითხოვა ყველა თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ“.
განცხადების მიხედვით, მაკრონმა გამოხატა სინანული, რომ საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ან მომავალში მიიღებენ.
„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. „ოცნების“ გავრცელებული განცხადების მიხედვით: „მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“.
ამავე განცხადების მიხედვით, ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.
განახლება: მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ მეორე განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მაკრონმა ივანიშვილს მართლაც მოსთხოვა დაკავებულების გათავისუფლება. აღნიშნულზე პირველ განცხადებაში საუბარი არ იყო.
„
„დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, – ნათქვამია მეორე განცხადებაში.