ელისო ბოლქვაძე: რომ დაიწყო ეს ომი, ეს უკვე დამარცხებაა

პუბლიკა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეა მეტრეველმა  უკრაინის ომთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. შეკითხვის პასუხად ელისო ბოლქვაძემ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მიმოიხილა.

როგორც მან განაცხადა, უკრაინას პარლამენტის წევრობამდეც უჭერდა მხარს და იუნესკოს ელჩის რანგში დონბასში გამართული მხარდამჭერი კონცერტები გაიხსენა.

„მინდა, გითხრათ ერთი რაღაც, როცა არასაჯარო სამსახურში ვიყავი, როგორც იუნესკოს ელჩი და პიანისტი არაერთხელ ჩავედი უკრაინაში და სამჯერ მაქვს გახსნილი სეზონი. მაგის გარდა დონბასში დასახიჩრებული, დაღუპული ჯარისკაცებისთვის კონცერტი მაქვს დაკრული და ნამდვილად მძიმე იყო ჩემთვის. მე ვნახე დასახიჩრებული ჯარისკაცები იქ. ზოგს ფეხი არ ჰქონდა, ზოგს ხელი არ ჰქონდა და ზოგიც კიდევ წერილებს მწერდა, თქვენ რომ მოგისმინეთ იმის შემდეგ მომეცა იმის იმედი, რომ მუსიკა მსოფლიოს გადაარჩენსო.“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ელისო ბოლქვაძის თქმით, ომის დაწყებიდან დღიდან მმართველმა პარტიამ და პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.

„ახლა მე უკვე ერთი წელია, პარლამენტის წევრი ვარ. იმ უბედურების დაწყებიდან ჩვენ ყოველდღე სისხლის მიცემიდან დაწყებული… თუ განცხადებები, თუ საერთაშორისო, თუ საპარლამენტო, ყველა პლატფორმა გამოყენებული გვაქვს. მე პირადად ფული მაქვს შეგროვებული, რომ წასულიყო სისხლი უკრაინაში. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულეთ ბავშვები, ქალები. არაერთ საჯარო, საერთო მიმართულებებშიც ჩავერთე.

ეს არის უბედურება, რასაც ვუყურებთ. ამდენი ბავშვი, ადამიანი იღუპება. ეს არის საშინელი ტრაგედია. მე მაქვს საშინელი, მწვავე რეაქცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ, რომ ეს გამოიყენონ მასალად იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას დააპირისპირონ. ომი უკვე უბედურებაა. რომ დაიწყო ეს ომი, ეს უკვე დამარცხებაა. დამარცხებაა იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს ომი არ შემდგარიყო“. – განაცხადა ბოლქვაძემ.

– რისი დამარცხებაა, უკაცრავად? – ჩაეკითხა ელისო ბოლქვაძეს დეა მეტრეველი.

ბოლქვაძე: იდეური დამარცხებაა იმის, რომ ამდენი ადამიანი ნადგურდება. არსებობს მოლაპარაკებები…

დეა მეტრეველი: თქვენ მიიჩნევთ, რომ უკრაინა დამარცხებულია?

ბოლქვაძე: მე ვთვლი, რომ ომი უბედურებაა და მხარდამჭერი განცხადებები ყოველდღიურად ყველა პლატფორმაზე ქვეყნდება. როცა საჯარო მოხელე არ ვიყავი, ჩემით ვაკეთებდი რაღაცებს და გითხარით, რასაც. როცა ვარ პარლამენტის წევრი, ცალკე განცხადებებით გამოსვლა…

მისი თქმით, ის მშვიდობის არტისტია და მუსიკაც ამას ემსახურება.

„ამისთვის არ ჩამოვსულვარ პარიზიდან. ჩემს ქვეყანაში რამე მინდა გავაკეთო და არა იმისთვის, რომ ერთმანეთის დაპირისპირებას… საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ მე ვარ მშვიდობის არტისტი და მიყვარს მშვიდობა და ჰარმონია და მუსიკაც ამას ემსახურება“, – აცხადებს ელისო ბოლქვაძე.