ელისო კილაძე სუს-ში ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„ხვალ,13:00 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარ დაბარებული გამოკითხვაზე.
შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე.  გამოძიებას ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადავცემ“, -განაცხადა ელისო კილაძემ.

„პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ელისო კილაძე სუს-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის საკითხზე დაიბარეს.

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გვარამიას პრესკონფერენციის შემდეგ სუსმა განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.