პროფკავშირების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყვეტილებით დაკმაყოფილდა ომარ პაპიაშვილის სარჩელი სს ,,ელმავალმშენებელის“ მიმართ – კომპანიას დაევალა იძულებითი მოცდენის თანხის გადახდა.
„ომარი პაპიაშვილი წლებია, რაც დასაქმებულია სს ,,ელმავალმშენებელში“, ზეინკალის თანამდებობაზე. მიუხედავად მოსარჩელის სამუშაოს შესრულების ინტერესისა – მოპასუხე მას ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა განმარტების გარეშე (უმიზეზოდ) არ აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს უვადო შრომითი კონტრაქტით განსაზღვრული სამუშაოები, რის შედეგადაც მოსარჩელეს ადგება ზიანი”, – წერს პროფკავშირი.
პროფკავშირის განმარტებით, მოსარჩელეს უნდა მიეღო შემოსავალი, რომელსაც ვერ იღებდა სწორედ იმის გამო, რომ კომპანია ამყოფებდა მას იძულებითი მოცდენის პირობებში.
„მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიის სხვა დასაქმებულებთან ერთად არაერთხელ (29.05.20219წ., 13.12.2019წ., 08.06.2020წ. და 13.05.2021წ.) მიმართა მოპასუხეს და ითხოვა მის შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლების სრულად მიწოდება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სამსახურში დაშვება, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს არცერთ განცხადებაზე – არ გაუცია პასუხი/არ მოუხდენია რეაგირება.
აღნიშნული საქმე არის პრეცედენტული, ვინაიდან საქმე ეხება არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სამსახურში არ დაშვებას და არ დაშვების გამო იძულებითი მოცდენის დაკისრებას”, – ნათქვამია განცხადებაში.