საფრანგეთი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მაკრონი არასწორს უწოდებს ინფორმაციებსა და მოსაზრებებს, რომ დუროვის დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
მისი თქმით, ეს საფრანგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სასამართლოს გამოძიების ფარგლებში მოხდა.
„სახელმწიფოში, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით, თავისუფლებები მხარდაჭერილია კანონის ჩარჩოებით, როგორც სოციალურ მედიაში, ისე – რეალურ ცხოვრებაში, რათა დაიცვას მოქალაქეები და პატივი სცეს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. კანონის განხორციელება, სრული დამოუკიდებლობის პირობებში, სასამართლოს გადასაწყვეტია”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
Telegram-ის დამფუძნებელი, ეროვნებით რუსი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს მას შემდეგ, რაც იქ აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავთ ჩაფრინდა.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება კიბერდანაშაულის შესახებ მიმდინარე გამოძიების ნაწილია.
პარიზის პროკურორ ლორ ბეკუუს განცხადებით, გამოძიება ეხება უკანონო ტრანზაქციებს, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობას, ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობას, ფული გათეთრებაში თანამონაწილეობას, ასევე, თაღლითობას და ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას.
„ტელეგრამ” მესენჯერის გარდა, პაველ დუროვის შექმნილია რუსული სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“.