EMC 7 მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო რეკომენდაციებითა და ინიციატივებით მიმართავს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ხულოს, შუახევისა და ქედის, ასევე ბოლნისის, მარნეულის, წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მიღების პროცესში პრიორიტეტული რეკომენდაციებითა და ზოგ შემთხვევებში ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ერთობებთან ერთად, საბიუჯეტო ინიციატივებით მიმართა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, წარდგენილი რეკომენდაციები ამ რელიგიური და ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

EMC-ის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: 1. ინკლუზიაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი სოციალური პოლიტიკის მშენებლობის ხელშეწყობა; 2. მოქალაქეების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის მხარდაჭერაზე მიმართული ინიციატივები; 3. მუნიციპალიტეტებში მულტიკულტურული და თანასწორი სოციალური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

„ინკლუზიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი სოციალური პოლიტიკის მშენებლობის მიზნის ქვეშ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მუნიციპალიტეტებში შემუშავდეს სოციალური პოლიტიკის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც სოციალური დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მდგრადი და მგრძნობიარე პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს, მათ შორის, სოციალური საჭიროებების ჩაშლილი და მრავალწლიანი ბაზის შექმნას, სოციალური სამსახურების თანამშრომლების ცოდნისა და მგრძნობელობის სისტემურ გაძლიერებას, ეროვნული და ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ კამპანიებს, მდგრადი სერვისებისა და რესურსების (მაგალითად, დღის ცენტრების, აფთიაქების) შექმნის ხელშეწყობას, მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებული მხარდაჭერის კონკრეტულ აქტივობებს.

საბიუჯეტო ინიციატივები ასე მოიცავს მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას. რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შემუშავებას. მეორე მხრივ კი – ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმის შექმნასა და განხორციელებას“,- ნათქვამია განცხადებაში.